პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნის შესახებ შეკითხვაზე კობახიძე,მ განაცხადა, რომ გახარიამ მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ აქვთ გარკვეული ეჭვი, მაგრამ თავად გიორგი გახარიამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს.
„თქვენ ხედავთ, ვინ აპიარებს გიორგი გახარიას – ეს არის ძირითადად ორი ტელევიზია, „TV პირველი“ და „ფორმულა“. აქ არის ყველაფერი ნათელი და ნათლად იკითხება, თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან. რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში ამ პერიოდში, პირველ რიგში მოუწევს ამ მნიშვნელოვან და მძაფრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.
17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ მისი გაპიარება ამ ტელეკომპანიების მიერ – ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს.
მან ასევე უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ყველაზე აქტიურად სხვათა შორის, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა მოხსნილიყო იმუნიტეტი [ნიკა მელიას მიმართ]. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ მოითხოვდა მელიას არდაკავებას. ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი. ამაზე პასუხი მას ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისგან მოვისმინოთ პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.