გახარიას გუნდის წევრებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე გახარიას გუნდის წევრებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

საუბარია კობახიძის მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც მან ეჭვი გამოთქვა, რომ გიორგი გახარიას ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. რევოლუციურ სცენარს ემთხვეოდა.

გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარის ამ ბრალდებებს სამართლებრივი დასაბუთება სჭირდება.

„მოვისმინეთ მმართველი გუნდის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ჭორაობა და უმძიმესი ბრალდებები, რომელიც შეეხებოდა არამხოლოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, არამედ უმძიმესი ბრალდებები მოვისმინეთ დღეს მოქმედი ჯარისკაცების და პოლიციელების წინააღმდეგ და მან ასევე დაადასტურა, რომ ეს ადამიანები დღემდე აგრძელებენ მუშაობას როგორც შსს-ში, ისე ჯარში.

მმართველი გუნდის დღევანდელი ლიდერშიფი ცდილობს, ეს ჭორაობა მხოლოდ პოლიტიკურ-მორალისტურ განზომილებაში დატოვოს, მაგრამ არა. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები, როგორც ვთქვი და აუცილებელია ამ ბრალდებებზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად გიორგი გახარია მალე ისაუბრებს.


ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას გადადგომის გარემოებებზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა:

„17 თებერვალს, 5 საათზე გახარიამ მოგვმართა. სასამართლო ჩანიშნული იყო და ყველამ იცოდა, რომ სასამართლო მიიღებდა ან ასეთ ან ისეთ გადაწყვეტილებას.

90% სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე, რადგან მარტივი ქეისი იყო, არ გადაიხადა გირაო.

გახარიას ეს სავარაუდო სცენარი ჰქონდა გათვლილი და ჩვენთან დაიწყო მსჯელობა. მოითხოვა რომ ორი-სამი დღით გადაგვედო მელიას დაკავება.

ახლა რა ინფორმაცია გვქონდა ჩვენ კიევიდან და ენმ-ის თბილისის ოფისიდან. გვქონდა, ჩვენ ინფორმაცია ენმ-ის გეგმის თაობაზე. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ ორი დღე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს გეგმა სისრულეში მოსულიყო. გეგმა იყო შემდეგი: მას მერე, რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს ენმ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება. მაშინ იყო სხვა ვითარება, ოპოზიცია არ იყო პარლამენტში შემოსული, იყო გართულებული ვითარება და მელიას არ დაკავებას დააბრალებდა ენმ ჩვენს სუსტ ლეგიტიმაციას, ეს იყო მათი მესიჯბოქსი. ამაზე მითითებით, სააკაშვილმა თუ არ ვცდები 17 თებერვალსვე გააკეთა განცხადება, ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. ეს იყო წვეთი, რომელიც მან შემოიტანა პოლიტიკურ დისკუსიაში.

18 თებერვალს უკვე, ისინი გამოაცხადებდნენ ე.წ ალტერნატიულ მთავრობას – თავისი ე.წ ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. და ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, მათ ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიულ მთავრობაში და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

ანუ რამდენიმე ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია და მედიით გაშუქება. მე არ ვიცი, ეს იცოდა თუ არა გახარიამ, მაგრამ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან კიევში და გახარიას აღარ გავანდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა წარმოიდგინეთ.

როგორცვე დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია.

იქიდან ისმის, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

ახლა ამ სცენარის გაგრძელება: ე.წ ალტერნატიულ მთავრობაში გადადიან ძალოვნები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი და შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან, სადაც უნდა დახვედროდა აქტივისტები და შემოეცილებინათ. ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ ძალოვანების ვინაობა, ცნობილი იყო, რომ გეგმის ნაწილი იყო.

ახლა რაც შეეხება სარფში შემოსვლას, ე.წ უკრაინული სცენარი, რაც თავის დროზე ჰქონდა გათამაშებული სააკაშვილს. ხვდებიან აქტივისტები და შემოდის (ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ რომ ამას შეძლებდნენ და გადატრიალებას შეძლებდნენ) და, ბუნებრივია, ეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მმართველ პარტიას, მითუმეტეს იმ ფონზე, თუ სააკაშვილის ამ შემოსვლასთან ერთად პრემიერი გადადგებოდა“, – თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.