გახმაურებული საქმეები და პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა ობუდსმენის ანგარიშში

პუბლიკა

2021 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, ომუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

გახმაურებული საქმეები ომბუდსმენის ანგარიშში

გიორგი შაქარაშვილის საქმე – სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. მისი შეფასებით, ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა, თუმცა, გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – „საგულისხმოა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა მთელი რიგი საკითხები. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება კვლავ არ დასრულებულა“.

ლუკა სირაძის საქმე –მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 1 თანამშრომელი, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დამნაშავეობაზე მიუთითებდეს.

თემურ აბაზოვის საქმე – „პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას“.

ხორავას ქუჩის საქმე – სახალხო დამცველმა სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და გამოძიების დაწყების ნაცვლად, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც 2020 წელსაც არ დასრულებულა. სახალხო დამცველის აპარატმა, 2020 წელსაც მიმართა პროკურატურას მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, თუმცა პროკურატურამ გამოთხოვილი ინფორმაცია არ გასცა და განაცხადა, რომ მოკვლევა არ დასრულებულა.

ვანო მერაბიშვილის საქმე – 2020 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, განაგრძო განახლებული გამოძიების მასალების გაცნობა. აპარატის წარმომადგენლებმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ გამოძიების კუთხით კვლავ იკვეთება არაერთი კრიტიკული ხარვეზი. მერაბიშვილის საქმეზე 2021 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს მინისტრთა კომიტეტმა სახალხო დამცველის შეფასებები გაიზიარა. ინდივიდუალური ღონისძიებების ნაწილში კვლავ აღნიშნა, რომ რჩება კითხვები გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შესახებ.

გიგი უგულავას საქმე – 2021 წლის 23 იანვარს გიგი უგულავას არ მიეცა შესაძლებლობა აეროპორტში გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გაირკვა, რომ სასამართლომ დროულად არ აცნობა შსს-ს რომ უგულავას გაუუქმდა პირადობის დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება, დადგინდა, რომ დაირღვა მის მიმართ გადაადგილების უფლება.

პრეზიდენტის შეწყალება – 2019 წელს, სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დარღვევად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იმ მსჯავრდებულთა შეწყალება, რომლებიც განზრახი მკვლელობებისთვის იხდიდნენ სასჯელს და პენიტენციური დაწესებულებები მსჯავრის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს. ობუდსმენის შეფასებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2019 წლის 20 სექტემბერს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება ისევ ხელშესახები შედეგის გარეშე მიმდინარეობს.

ლაშა თორდიას ცემის საქმე – ჩატარებული გამოძიება, ომბუდსმენის შეფასებით, უჩვეულოდ დიდი დროით გაჭიანურდა და შეუსაბამო კვალიფიკაციით წარიმართა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა და საბოლოოდ საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა;

გიორგი რურუას საქმე – 2020 წლის 3 იანვარს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება გიორგი რურუას მონაწილეობით, რომელსაც არ დაასწრეს ბრალდებულის ადვოკატი. ამ ფაქტის შესწავლის მიზნით, 2020 წლის 13 აპრილს, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გამომძიებელთა მიმართ, ბრალდებულ გიორგი რურუას უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა. შსს გენერალური ინსპექციის 2020 წლის 16 ნოემბრის წერილით აპარატს ეცნობა, რომ მოხდა გასაუბრება შესაბამის პირებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ გიორგი რურუასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. შედეგად, დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. თუმცა, ამავე წერილის თანახმად, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლების ქმედებების კანონიერება გენერალურ ინპექციას არ შეუსწავლია.

ნიკა მელიას საქმე – სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას სარჩელზე მეგობრის მოსაზრებით მიმართა და განმარტა, რომ რაკი განაჩენი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო, სასჯელი გასაჩივრების პროცედურების დასრულებისა და ბოლო ინსტანციის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება არ გაიზიარა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმე – სახალხო დამცველმა ამ საქმეში კანონიერების პრინციპის ხელყოფის რისკები დაინახა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში ისეთი ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა. დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც ეფუძნება ბრალდება, ბრალდების მხარეს, ვარგისიანობის კუთხით, დღემდე (2021 წლის 1 მარტი) არ შეუსწავლია. ზემოაღნიშნული მოცემულობის და არსებითი განხილვის დროისთვის საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რაც ჩვეულებრივ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა.


პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების, აგრეთვე ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევები.

2020 წლის 29 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს შორის შემდგარი საუბრის შინაარსი გაასაჯაროვა. ნატო გოგელიამ და ბესო ქათამაძემ განმარტეს, რომ მათ სატელეფონო საუბარს მოწმე არ ჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ოპოზიციის წარმომადგენლის საუბრის უკანონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოიძია ინფორმაცია გამოძიების დაწყების ან მიმდინარეობის შესახებ,რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ გამოძიება მოცემულ ფაქტზე არ დაწყებულა.

2020 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოქვეყნდა უკრაინულ ვებგვერდზე განთავსებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი. საქართველოს სახალხო დამცველმა საჯაროდ დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვებისა და გამოქვეყნების ფაქტი, რომელიც წლების განმავლობაში სამწუხარო პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც თავისი კონსტიტუციური მანდატის შესასრულებლად დაცულობის უფრო მაღალი გარანტიებით სარგებლობს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პარლამენტის წევრების თუ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდა ადგილი, რაც ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.

გენერალური პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძვლით, 2020 წლის განმავლობაში, 44 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა იმ საქმეებზე, რომელთა გამოძიება 2015- 2017 წლებში დაიწყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძვლით.

ანგარიშს ვრცლად გაეცანით ბმულზე.