გაკვირვებული ვარ, რომ „ოცნება“ ჩემი ნებართვის გარეშე ჩემს სახელს იყენებს - პრეზიდენტი

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაკვირვებულია, რადგან „ქართული ოცნება“ მისი ნებართვისა და თანხმობის გარეშე მის სახელს იყენებს.

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით არაერთხელ და ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მზად არის, ქვეყანაში არსებული კრიზისის დასასრულებად შეიწყალოს გიორგი რურუა, რომელიც, მისივე თქმით, არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში და ამას გააკეთებს მას შემდეგ, რაც პარტიები მოაწერენ ხელს შეთანხმებას და შევლენ პარლამენტში.

„ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.