გამორიცხულია პოლიტიკური კრიზისის რისკი, ამიტომ კანონპროექტს მხარს დავუჭერ - ირაკლი ბერაია საარჩევნო მოდელზე

უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ვინაიდან ახალი შეთანხმების შედეგად მიღებული საარჩევნო მოდელით მცირდება კრიზისის რისკი და კოალიციური ხელისუფლების აუცილებლობა,  იგი მხარს დაუჭერს ახალ საარჩევნო მოდელს.

„სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი ორი მიზეზის გამო არ დავუჭირეთ. ერთი მხრივ, პარლამენტში რეგიონებს წარმომადგენელი არ რჩებოდათ და მეორე მხრივ, თუნდაც 49-პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო. ახალი ცვლილებით ორივე საკითხი დაბალანსებულია – რეგიონებს ნაკლები, მაგრამ პარლამენტში წარმომადგენელი მაინც ეყოლებათ და 40-43 პროცენტის შემთხვევაშიც კი, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტს მხარს დავუჭერ და კონსენსუსს მივესალმები”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

2019 წელს დაჩი ბერაია იმ უმრავლესობის დეპუტატებს შორის იყო, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.