განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება - ბოკუჩავა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერას და საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.

„საქართველოს გზა ევროპისკენ გადის, მათ შორის იმაზე, რამდენად შეგვიძლია, როგორც საზოგადოებას, განსხვავებული აზრის მიღება და კრიტიკის იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც არ სცდება პოლიტიკური და ადამიანური მორალის ფარგლებს.

ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი, რადგან ისედაც ქალების გზა პოლიტიკაში გაცილებით მეტი წინააღმდეგობებით არის აღსავსე.

მე მჯერა ჩვენი ევროპულობის. ჩვენი გამარჯვების. საქართველოს გამარჯვების და ამ გამარჯვებამდე აუცილებლად ღირსეულად უნდა მივიდეთ“, – წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.


ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს არ მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ. ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, გია ბარამიძის თქმით კი თუ სალომე სამადაშვილი ოფიციალურად არ დატოვებს პარტიას და არ გაემიჯნება მას, მაშინ მხარს დაუჭერს სამადაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხის დაყენებას. დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება არ მოიწონა არც ხატია დეკანოიძემ. „ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას“, – დაწერა მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისული ოპოზიციის მისამართით.

დღეს, 20 აპრილს სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით, პარტიის ოფიციალურად დატოვებაზე კი ნიკა მელიასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმებაზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.