გაურკვევლობა მაღალია, მაგრამ ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნილი ბანკის ინფორმაციით, ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და  ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ რუსეთუკრაინის ომის ფონზე გაურკვევლობა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა.

„პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განახორციელებს კონტრციკლურ ღონისძიებებს, როგორც ეს პანდემიის საწყის პერიოდში გააკეთა, და რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის მდგრადობას”, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 

„2022 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით არის განპირობებული. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს”, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.


რა არის კონტრციკლური ბუფერი? – ეროვნული ბანკის ცნობი, ის წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს.