ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა - საქართველოს მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

„მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.


აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.

„ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობას.

ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის – მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების – სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, და იმავდროულად დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოში სომხეთის საელჩო და 15 გათავისუფლებული მოქალაქის ფოტოც გამოაქვეყნა.