„ღარიბაშვილმა შემტევი პოზიცია დაიჭირა" - როგორ გაშუქდა რუსულ მედიაში NATO-ზე განცხადება

პუბლიკა

30 მაისს ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.

ამ განცხადებას დასავლეთში პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და საერთაშორისო ურთიერთობის, უსაფრთხოების სპეციალისტების კრიტიკა მოჰყვა.

„თავდაცვა არ არის ესკალაცია. კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან“, – მაგალითად, ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი ღარიბაშვილს.

საქართველოს პრემიერის სიტყვები დასავლელმა პოლიტიკოსებმა და დარგის სპეციალისტებმა ისე აღიქვეს, რომ სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული რუსეთის ქმედებები.

ამ პოზიციას აჟღერებს აქტიურად რუსული პროპაგანდაც, მაშინ, როცა რუსული აგრესია მისმა მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის, უკრაინამ, მაშინაც იწვნიეს, როცა NATO-ში გაწევრებაზე არ საუბრობდნენ. რუსეთის მეზობელი ქვეყნები ალიანსში შესვლას სწორედ მოსკოვის თავდასხმებისგან თავდასაცავად ცდილობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება გააშუქა რუსულმა სამთავრობო მედიამაც. თუმცა ღარიბაშვილის პოზიცია იქ უფრო ნეიტრალურ და პოზიტიურ კონტექსტში გააშუქეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა უკრაინაში კონფლიქტის მიზეზებზე“ – ამ სათაურით გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას რუსული სამთავრობო გამოცემა РИА Новости.

რუსულ გამოცემას ღარიბაშვილის ციტატა მოჰყავს, რომელშიც ის ამბობს, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზი NATO და მისი გაფართოებაა. ტექსტის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ უკრაინამ გასულ წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრებაზე შეიტანა განაცხადი, დასავლეთი კი კიევს დიდი რაოდენობით შეიარაღებით ამარაგებს, რაც „მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“.

ღარიბაშვილის განცხადება გააშუქეს სხვა სამთავრობო მედიაგამოცემებმაც, ТАСС-მა და Russia Today-მ. Russia Today-ს ტექსტის ბოლოს CIA-ს ყოფილი თანამშრომლის ძველი კომენტარი მოჰყავს, რომ თითქოს ლავროვმა 2008 წელს გააფრთხილა დასავლეთი უკრაინის NATO-ში სწრაფვის მავნე შედეგებზე, რაც მისი თქმით, შეერთებულ შტატებში არ გაითვალისწინეს.

Lenta.ru კი ღარიბაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით მცირე ანალიზსაც აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ისინი ესაუბრნენ ევროპული კვლევების ცენტრის უფროს ანალიტიკოსს, ვლადიმერ ოლენჩენკოს, რომელმაც ღარიბაშვილის ნაბიჯი მოიწონა და თქვა, რომ საქართველოს პრემიერმა შემტევი პოზიცია დაიჭირა და სწორად იქცევა.

„ღარიბაშვილზე ახლა იქნება ზეწოლა, პირველ რიგში, საინფორმაციო სივრცეში. ზეწოლა იქნება როგორც საქართველოს შიგნით, ასევე გარედან. ყოველ შემთხვევაში, რასაც იტყვიან, ეს მის ბანაკს გააძლიერებს.

ასეთი განცხადებებით ის მოუწოდებს ოპონენტებს ამ საკითხზე ხმამაღლა ილაპარაკონ. ის ოპოზიციას უჩვენებს თავის თვალსაზრისს; მოუწოდებს მას, მოიყვანოს საპირისპირო არგუმენტები: რისთვის სჭირდება საქართველოს NATO და ევროკავშირი, რისთვის სჭირდება საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება. ღარიბაშვილი ხელს უშლის თავის ოპონენტებს, რომლებსაც არგუმენტები არ აქვთ თავიანთ ლოზუნგებზე“, – მიიჩნევს ექსპერტი.

ახლა საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს ამტკიცოს, თუ რატომ სჭირდება ქვეყანას წინ აღუდგეს რუსეთს და გაჰყვეს უკრაინის გზას.

„საქართველოს პოლიტიკური წრეები ერთმანეთს ემიჯნება, შესაძლოა, ეს კარგიც იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს ესმით, სინამდვილეში ვინ ფიქრობს ქვეყნის ინტერესებზე, და ვინ ცხოვრობს ლოზუნგებით. ღარიბაშვილი გვიჩვენებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა და ისტორიულ-ტერიტორიული ტრადიციები“, – ამბობს ოლენჩენკო.

ამის საპირისპიროდ, რუსულმა სამთავრობო მედიამ 19 მაისს საქართველოში სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობასა და მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ყურადღება თითქმის არ დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებს ეხებოდა.