გირაოს მიუხედავად, ამნისტია იყო დასავლეთის პოზიცია - ვაშაძე მელიას განცხადებაზე

პუბლიკა

„გირაოს მიუხედავად, ამნისტიის მოთხოვნა იყო დასავლეთის პოზიცია და არა ის, რომ თუ გირაოს გადაიხდის, მაშინ ამნისტია აღარ გვჭირდება“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

„გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბრუნდებით იმავე მოჯადოებულ წრეში და იმავე პოლიტპატიმარ მელიას გამო ისევ არ მოუწევთ აშშ-ს და ევროკავშირს მედიაცია. ასე გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან უკან დაბრუნება აღარ გვინდა, ამიტომ უნდა დაიხუროს ეს საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „TV პირველის” ეთერში.

ვაშაძის თქმით, ამნისტია არა ნიკა მელიას, არამედ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

ვაშაძის თქმით, ამნისტია შეთანხმების ნაწილია და თუ ოპოზიცია ერთ ნაწილს მაინც დაარღვევს, ის ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება, შესაძლოა, მთლიანად დარღვეულად მიიჩნიოს.


„ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული იქნება ნიკა მელიას სურვილი, ოპოზიცია მხარს დაუჭერს ამას, თუმცა, მისივე თქმით, დოკუმენტი მოდიფიცირებული უნდა იქნეს მედიატორის მიერ.


ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

როგორც მელია წერს, არავინ არ ღირს იმად, რომ „ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.“

„კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, – წერს მელია.