„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო“ „დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ მოაწერს

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” და „ევროპული საქართველო“ კრისტიან დანიელსონის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, – ამის შესახებ „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურებში განუცხადეს.

„ამ წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისად. 3 პუნქტზე მიშელის გეგმიდან რომ შეჯერდა პოზიციები, გასაგებია, მაგრამ არის 2 პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ ვართ. პოლიტპატიმრები უნდა ვნახოთ თავისუფლები და უნდა ვნახოთ, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდა. ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს ბატონ თალაკვაძეს და ვადამდელ არჩევნებზე მან დაუშვა პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ. ოღონდ რაღაც გაუგებარი ბუნდოვანი და არალოგიკური ტესტი ახსენა 40%- ის აღების. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია – ან პირდაპირ ვადამდელზე უნდა შევთანხმდეთ, ან პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა არჩევნები და არა 40% 60%-ის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარში. თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი. რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ საერთაშორისო საზოგადოება არ იზიარებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ოცნება“  არათუ დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აწერს ხელს, მეტიც, გამოხატავს მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

„ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას. ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს. ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.