„გირჩი" საარჩევნო კამპანიისთვის მზადებას იწყებს

პუბლიკა

პარტია „გირჩის” მმართველი საბჭო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი იქნება სანდრო რაქვიაშვილი. მათი თქმით, პარტია ასევე გეგმავს ახალი წევრების დამატებას. გთავაზობთ განცხადებას:

„წელს საპარლამენტო არჩევნებია და გვინდა, მეათე მოწვევის პარლამენტში გირჩი რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და ღირსეული პოლიტიკოსით იყოს წარმოდგენილი.

ამავე დროს სრულად ვაცნობიერებთ, რომ მოახლოებული არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია თავისუფლების იდეის გასავრცელებლად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება უკეთ მომზადებული შევხვდეთ მას.

„გირჩი” უნდა იყოს გახსნილი ახალი და საინტერესო ადამიანებისთვის, ვინც ილაპარაკებენ „გირჩის” მხარდამჭერების სახელით.

გვჯერა, რომ ასეთი ადამიანების საპოვნელად საუკეთესო საშუალებაა შერჩევის ღია პროცესი ან რაიმე სხვა სახის შემეცნებითი კამპანია, რომელიც დაგვეხმარება სწორი კანდიდატის ამოცნობაში.

სანამ საპარლამენტო სიაში მოხვდებიან პოლიტიკოსებმა თავი უნდა მოაწონონ „გირჩის” გულშემატკივრებს და დაიმსახურონ მათი მხარდაჭერა.

შესაბამისად, ახალი საინტერესო ადამიანების აღმოჩენის მიზნით უნდა ჩავატაროთ შერჩევის ღია პროცესი და მისი შედეგების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს საპარლამენტო სია, რაც ამავდროულად, იქნება „გირჩის” საარჩევნო კამპანიის ნაწილიც.

ასეთი კამპანიის განხორციელებაზე და „გირჩის” გადატვირთვაზე პასუხისმგებელ ადამიანს სჭირდება განსაკუთრებული ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა მმართველი საბჭოს წევრებისგან და პოლიტიკოსებისგან.

რაზეც ერთხმად და კონსესუსით ვთანხმდებით, არის, რომ:

„გირჩის” გადატვირთვაზე და 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი იქნება სანდრო რაქვიაშვილი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.