გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროექტები დასასრულს უახლოვდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომლის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც წინა წელს დაიწყო, დასასრულს უახლოვდება და ხვალიდან ამ გამზირის ასფალტით ბოლო ფენების მოწყობა იწყება.

„პირველი მონაკვეთი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე – სადაც უკვე საკომუნიკაციო ჭების თავები ყველა წამოწეული და მოწესრიგებულია, გამზადებულია იმისათვის, რომ ასფალტის ბოლო ფენების დაგება მოხდეს. ხვალ საღამოდან დაიწყება ამ სამუშაოების განხორციელება და კვირის ბოლომდე, ატენის ქუჩამდე, მთლიანად დასრულდება. შემდეგ უკვე იქნება მეორე ეტაპი: პარალელურად ამ სამუშაოებისა, „ვაკის პარკის” მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გადათხრილი იყო და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება, მთლიანად არის დასრულებული და იქაც, ქვედა ფენებში მოწყობილია გზა და დროებითი დახაზვითი სამუშაოებია განხორციელებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ გლდანში მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, ასევე დასასრულს უახლოვდება და იქაც უკვე დაიწყო მოასფალტების ბოლო სამუშაოები

„ამ პროექტის ფარგლებშიც იქმნება სპეციალური საავტობუსო ზოლები; გაფართოვდა ტროტუარები, რომ ადამიანებმა ფეხით გადაადგილება თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ; იქნება გაკეთებული ველო-ბილიკები, ახალი განათების ბოძები. ესეც ძალიან მაგარი პროექტი გამოდის, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნა წარმოებული. აქაც ისე როგორც არასდროს, მთლიანად იქნა შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები“, – განაცხადა კალაძემ.