გომელაური და ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, თქვენ გადააყენეთ თუ რამის თავი გაქვთ - წულუკიანი მედიას

პუბლიკა

„ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეკითხვას: უნდა აიღონ თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა?

„რაც შეეხება პასუხისმგებლობებს – პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველადი შედეგები ექსპერტიზის აჩვენებს იმას, რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ეს ვარაუდია. დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ ვეძებოთ… თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა. აგერ ვარ და გადამაყენეთ”, – განაცხადა წულუკიანმა.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.