გვარამიას, ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეები საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უნდა შეფასდეს - „ოცნება“

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საუბარი ეხება „ლელოს“ დამფუძნებლებისა და „მთავარი არხის“ დირექტორის სისხლის სამართლებრივ საქმეებსაც. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი უნდა შეფასდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით.

„ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას – ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.