გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სვლას ვადამდელისკენ - ბოკერია

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგას ბოკერიას თქმით, ოპოზიციის ამოცანა გონივრული კომპრომისია, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ.

„კომპრომისიც ჩვენივე შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია, ვადებზე უნდა ვისაუბროთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურ გამოსავალს სჭირდება ნორმალური არჩევნები და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება.

„რეალურ გამოსავალს სჭირდება ნორმალური არჩევნები, პოლიტიკური დევნის გაჩერება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს და ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება გონივრული კომპრომისის.

ჩვენი ჩარჩოები ცნობილია, ჩვენი კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით. ეს ძალიან სერიოზული დათმობაა. იმაზე დაყრდნობით რაც მე გითხარით, თუ იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული მმართველი პარტიისგან, ჩვენ მოწადინებული ვართ. ოღონდ, ბუნებრივია შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელიც რეალურად დაიწყებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან. მუდმივი კომუნიკაცია არსებობს პოლიტიკურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს შორის“, – განაცხადა ბოკერიამ.

დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია შეხვედრის გამართვაზე “პუბლიკას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. შეხვედრა 7  სათზე დაიწყება.

შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით გაიმართება.

დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.