I კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, თუ სკოლას მომზადებული პედაგოგი ეყოლება - ბრძანება

პუბლიკა

განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სექტემბრიდან სავალდებულო იქნება, თუმცა, ამავე ბრძანების მიხედვით, ჭადრაკის სწავლება იმ შემთხვევაში იქნება სავალდებულო, თუ სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ეყოლება.

„მოსწავლეების ანალიტიკური, ლოგიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების ხელშესაწყობად, სისტემური და სტრატეგიული აზროვნების გასაძლიერებლად, მათი ემოციურ-სოციალურ-კოგნიტური განვითარების, ასევე ევროპარლამენტის 2012 წლის ევროკავშირის საგანმანათლებლო სისტემებში პროგრამის – „ჭადრაკი სკოლაში“ – დანერგვის შესახებ დეკლარაციის გათვალისწინების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად დაემატოს ჭადრაკი“, – წერია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 2021-2022 წლიდან სავალდებულო ხდება.

„II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო“, – წერია ბრძანებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.

უწყების ცნობით,  სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile