იმედია, მელიას გათავისუფლების შემდეგ ენმ-ის დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან - სამადაშვილი

პუბლიკა

სალომე სამადაშვილმა პარლამენტში პარტიებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე შარლ მიშელს აუხსნეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად მოიძებნოს ისეთი გზა, რომელიც გირაოს გადახდას არ უკავშირდება.

„იმიტომ, რომ დღეს გავარკვიეთ, რომ გირაოს გადახდა არ არის საერთოდ… არც იურიდიულად არ არსებობს გირაო და არც ნიკა მელიას სურვილია” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, მაშინ შეთანხმებით გათვალისწინებული გზით გააგრძელებენ მოქმედებას:

„შეთანხმების თანახმად, გუშინდლიდან ერთი კვირაში პარლამენტმა უნდა დაარეგისტრიროს ამნისტიის კანონი და ამ შემთხვევაში ოპოზიციის მუშაობა დაიწყება მხოლოდ ამნისტიის კანონთან მიმართებით. ამნისტიის კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი შევალთ იმ ფაზაში, როდესაც იმედი მაქვს ჩვენ შემოგვიერთდება ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და იმედი და ამის შემდეგ შეგვეძლება ყველა სხვა ასეთ საკითხზე დავიწყოთ მუშაობა” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.