იმედია, პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შეაჩერებს - დეგნანი

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში.

კელი დეგნანი ამბობს, რომ ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. ამის სესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. ცალსახად არის საკმარისი პირობა სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება. ეს  შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო.

მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის და საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ პუნქტებზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით. თუმცა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იქამდე, სანამ ამ საკითხზე დისკუსია შედგება, იქამდე, სანამ რეფორმების პაკეტი არ შემუშავდება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ მოხდეს საქართველოს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანად გაუმჯობესება, ” -ამბობს კელი დეგნანი.

კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც ის მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.