იმისათვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი - იმნაძე

პუბლიკა

„ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რა მოხდება სწავლის დაწყების პერიოდისათვის. მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამე ვთქვა, იმისათვის, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აცრილი, არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მთელი პერსონალი სკოლის. იმისათვის რომ უნივერსიტეტი იყოს უსაფრთხო, ამისათვის საჭიროა, რომ ყველა სტუდენტი და პედაგოგ-პროფესურაც იყოს აცრილი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ შეკითხვის პასუხად, თუ რა მოლოდინი არსებობს, შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში განახლება, თუ კვლავ დისტანციური სწავლება გახდება საჭირო.

„პანდემიის დროს პროგნოზები ძალიან ძნელია. „დელტა შტამი“ დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, იგივე ჩვენი დაკვირვებებითაც, ახლანდელი პანდემიის დროს, განსხვავებით შარშანდელი ვითარებისაგან, ყოველკვირეული მატება იყო 3000 შემთხვევა, ახლა გვაქვს დაახლოებით 6000 შემთხვევის მატება ყოველკვირეულად.

ასე რომ, ძალიან ძნელია დღეს პროგნოზი. რაც მეტი აუცრელი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტი შანსია, რომ გამოჩნდეს კიდევ და კიდევ ახალი მუტანტი შტამები, ახალი მუტაციები, რა თვისებების იქნება ეს შტამები, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია“, – განმარტავს იმნაძე.