იმუნიზაციის ახალი გეგმით, ივლისის ბოლომდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას

პუბლიკა

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ახალი გეგმის მიხედვით, 2022 წლის ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, ბუნებრივია, მიჰყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის, რომ საერთო მოსახლეობის 70% ივლისამდე უნდა იყოს აცრილი. ჩვენთვისაც სასურველი მიზანია, მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციისთვის მომავლ წელსაც იგივეა, ეს არის: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც, ზოგადად, მაღალი რისკი აქვს, პროფესიიდან გამომდინარე. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ასევე, გეგმა აქცენტს აკეთებს ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 326 კოვიდპაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 24.27% ხოლო 7 დღის – 27.36%.