ინფიცირებულთა 11%-ს ვირუსი ასიმპტომატური ფორმით ჰქონდა – NCDC-ის კვლევა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ აქვეყნებს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზის მეორე ანგარიშს, რომლის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციამდე კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 11%-ს (88 ადამიანი) ვირუსი ასიმპტომატური ფორმით ჰქონდა.

კვლევის ეს თავი მოიცავს 2020 წლის 26 თებერვლიდან საქართველოში აღრიცხული ინფიცირების 800 შემთხვევას.

„800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 11%”, – წერია კვლევის ანგარიშში.

ანგარიშში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ასიმპტომურია COVID-19-ის ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევა, რომელიც არ გამოირჩევა რაიმე სიმპტომით. შემთხვევები ასიმპტომურად კლასიფიცირებულია მხოლოდ პაციენტთა სუბიექტური შეფასებით. აღნიშნული 88 შემთხვევა ასიმპტომური იყო PCR ტესტირების დღეს, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენოდათ გარკვეული სიმპტომები. ყველა შემთხვევის კლინიკური მიმდინარეობის დეტალური კვლევა გრძელდება და ციფრი განახლდება მომდევნო ანგარიშში.

როგორც NCDC წერს, სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58.4%-ს.

სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მახასიათებლები

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 390 (48.7%) იყო კაცი და 410 (51.2%) – ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე.