IPSOS-ის კვლევა | რაზე მეტყველებს კვლევის შედეგები ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის

პუბლიკა

IPSOS-ის კვლევის შეფასებისას ოპოზიცია თანხმდება, რომ ამომრჩეველს ხელისუფლების ცვლილება სურს და ეს აჩვენა კვლევის შედეგებმაც. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს და რომ ნელ-ნელა კოალიციური მთავობის კონტურებიც იკვეთება.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, იმისთვის, რომ გარდამტეხი ცვლილება მოხდეს, ამომრჩეველი არჩევნების დღეს უბნებთან უნდა მივიდეს. სამადაშვილის რწმენით, მათი მობილიზების პასუხისმგებლობა სწორედ ოპოზიციას ეკისრება.

„საქართველოს ამომრჩევლისა და ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები და მზად არის, დაემშვიდობოს  ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმს. მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და არჩევნით უზრუნველყოს ის, რომ მოვახერხოთ ქვეყანაში ხალხის ნების აღსრულება და ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „ოცნების“ რეიტინგის ვარდნა იმან გამოიწვია, რომ მთავრობამ გამოწვევებს თავი ვერ გაართვა.

„ვარდება „ქართული ოცების“ რეიტინგი და ეს არის გასაგები, იმიტომ, რომ ეს არის ჩაფლავებული მთავრობა, რომელმაც ვერცერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა. ჩანს ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი ითხოვს ცვლილებებს და ითხოვს, რომ ეს არასწორი მიმართულება შეიცვალოს. იზრდება ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი, რაც ჩანს ყველა კვლევაში.  ძალიან მარტივი რამ მოხდება ამ არჩევნებზე, დამარცხდება „ქართული ოცნება“, – განაცხადა მან.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრ გიორგი გუგავას მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაა შესაძლებელი.

„უმწვავესი ეკონომიკურ-სოციალური საკითხებია ქვეყანაში დაგროვილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი გადაწყვეტა, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგაა შესაძლებელი და მეორე – გამოკვეთილია, რომ „ოცნება“ პირწმინდად მარცხდება, გაიმარჯვებს აუცილებლად ოპოზიცია და გამოკვეთილია კოალიციური მთავრობის კონტურები“, – აცხადებს გუგავა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებსა და ლიდერებს ურჩევს, ჭკვიანური ნაბიჯები გადადგან, რათა მზარდი რეიტინგი და მოახლოებულ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ დაკარგონ.

„ამ კვლევით, ისევე როგორც სხვა კველვებით, „გირჩის“ რეიტინგი მზარდია. ჩვენ ვართ ამითაც გამორჩეული და კიდევ უფრო გავიზრდებით. ყველანაირი შანსი არსებობს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და ამისთვის საჭიროა, ოპოზიცია მოიქცეს გონოვირულად და კონკრეტული პარტიების კონკრეტული ლიდერები მოიქცნენ გონივრულად და ჭკვიანად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც საარჩევნო ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ – შემავალი პარტიის, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, კვლევამ ნათელი გახადა, რომ მოქალაქეების სურვილი მრავალპარტიული პარლამენტია.

„კოალიციის შექმნაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ან ბლოკს „ძალა ერთობაშია“, – ამბობს ის.

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები ორპოლუსიან პოლიტიკურ გარემოს დაასრულებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, ვართ ორნიშნა რიცხვზე გასული და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი მთავრობის ფორმირებაში „ლელო“ იქნება მთავარი პოლიტიკური ძალა.

ალექსანდრე ელისაშვილს მიაჩნია, რომ  ამომრჩეველი, რომელსაც არ გაუკეთებია არჩევანი, არის შანსი იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლები დაარწმუნონ და მათი ხმები მოიპოვონ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ, როდესაც ოპოზიციის ხმების ჯამი მეტია ხელისუფლებისაზე, „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის ჯამიც მიანიშნებს, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების ცვლილების მოლოდინი აქვს.


„თვალი მოვკარი უბრალოდ“, – ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ IPSOS-ის კვლევაზე საუბარი და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევების გაყალბებითაა დაკავებული.

„თუ წინა წლებში, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით.

ბოლო პერიოდში ბევრი კვლევა ვიხილეთ, შეიძლება ამ კვლევებზე იყოს დავა, მსჯელობა, ვინ როგორი მეთოდოლოგიით ჩაატარა ველი და ა.შ. მაგრამ ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ნუ არ ვიცი, ყველაფერს სცდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევით, „ოცნებას“ 56%-ზე მაღალი რეიტინგი აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით განხორციელებული კვლევებით თუ მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ. რამდენიმე კვლევა მინდა გაგახსენოთ, რომელიც 2012 წელსაც, 2016 წელსაც საზოგადოებას ეუბნებოდა ერთს, გარკვეულ პროცენტს და მერე, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-25 %-იანი განსხვავებები იყო ამ პროგნოზებში. ასე რომ, ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ იმ ადამიანებს, რომ დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.


„მთავარი არხის“ დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 57%-ს უნდა, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს. კოალიციურ მთავრობაში გამოკითხულთა 28% ენმ/„ძალა ერთობაშიას“, ხოლო 23.5% „ოცნებას“ ხედავს. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, „ოცნებას“ 25% აქვს, ხოლო ენმ/გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ 15,5%.

კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.