იქნებ არ სურს ჩემს ამომრჩეველს დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის პარტიასთან - ვოლსკი „ლელოს“ ინიციატივაზე

პუბლიკა

პარტიის ინფორმაციით, „ლელოს“ წევრებმა კახა კოჟორიძემ  და ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტში საკანონმდებლო  ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება.

პარტიის ინიციატივას გამოეხმაურა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, „ლელომ“ აბსურდული ინიციატივა შეიტანა პარლამენტში.

„შემოიტანა აბსურდული კანონპროექტი, რომელიც განხილული იქნება და თუ არ იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომ პოლიტიკურ ველზე ცდილობენ რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუკი კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მისვლაზე, მას უნდა მოეხსნას რეგისტრაცია. არავინ კითხულობს იმას, რა დამოკიდებულება აქვს ამომრჩეველს ამ საკითხის მიმართ. იქნებ არ სურს ჩემს ამომრჩეველს, რომ დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან, მით უმეტეს, რომელიც მევახშეობის რესურსზეა აშენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.