მმართველი გუნდისთვის დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს - „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივა

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერებმა  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, კახა კოჟორიძემ  და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო  ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

„ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ შეეჯახა იმ უპასუხისმგებლობას, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატები უარს ამბობენ პოლიტიკურ დებატებზე. ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდი დებატების გარეშე. საქართველოში მმართველი გუნდი მხოლოდ ბილბორდების საშუალებით ამყარებს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მხოლოდ ამომრჩევლის ხმები სჭრიდებათ და მათ კითხვებს არ პასუხობენ. ეს სამარცხვინო რეალობა უნდა შეიცვალოს და ამას აუცილებლად შევცვლით. ამ ინიცირებით სახელისუფლებო კანდიდატი  ვალდებული იქნება, დებატებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო თუ ის ორჯერ უარს იტყვის დებატებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნება არჩევნებიდან, “- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივის დაკანონება არის აუცილებელი. მისი თქმით, ეს არის საჭირო იმისათის, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას და არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში.