ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პუბლიკა

ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხები.

„რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ ძალიან მალე გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრები. ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპათეულში შედის და  მთავარი ამოცანაა, გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის.

„ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარულნი ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.