ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი დანიშნა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ორ ვიცე-პრემიერს ნიშნავს – თეა წულუკიანს და ლევან დავითაშვილს.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის მინისტრია, ლევან დავითაშვილის კი სოფლის მეურნეობის მინისტრი.


გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, მას დღეს 12 საათამდე აქვს ვადა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

დღეს 6 საათზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია პარლამენტთან, თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ შესრულდება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება.


გუშინ გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.