ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

ვასკა მათითაიშვილი

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 141 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული გამოცემა „IRNA“ ავრცელებს.

ოთხშაბათს ირანის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად 9 ადამიანი იყო გარდაცვლილი, ინფიცირებული კი – 139.

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ნამაკმა განაცხადა, რომ პარასკევის ლოცვა ამ კვირაში კორონავირუსით მაღალინფიცირებულ ქალაქებში არ გაიმართება. ნამაკმა დააზუსტა, რომ ლოცვა მხოლოდ ამ პარასკევისთვის გაუქმდება.

„ყველა ეს გადაწყვეტილება დროებითია“,- განაცხადა

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს კონკრეტული ქალაქები, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ დაუსახელებია, სავარაუდოა, რომ თეირანი და კომი იმ ქალაქებს შორის იქნება, რომლებშიც პარასკევის ლოცვა არ გაიმართება.

2019 n-Cov პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანის მცხოვრებლებს აღმოაჩნდათ. დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 81 109 შემთხვევა, ვირუსით გარდაცვალების კი –  2 761.  ვირუსი 39 ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1  შემთხვევის ჩათვლით.

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 10 პაციენტი – 5 გუშინ შეიყვანეს, ხუთი კი – დღეს. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, თითოეულს ჩაუტარდა ტესტი და პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.