ისეთივე მოვლენაა, როგორიც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა – პრეზიდენტი ქუთაისის უნივერსიტეტზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ეს მოვლენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას შეადარა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი საქართველო იბადება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორიც იყო თავის დროს, 1918 წელს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს აქ  და ახლა კი იბადება ახალი საქართველო.

ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა პანდემიისა და გლობალური კრიზისის დროს არ არის მარტივი საქმე და არის სამაგალითო. ამას სჭირდება გამბედაობა, ასეთ ნაბიჯს სჭირდება რწმენა მომავლისა.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი არა მხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი, არამედ საქართველოს ინტელექტუალური ცენტრია. ეს არ არის მხოლოდ გელათის კომპლექსი, მაგრამ ეს არის გელათის კომპლექსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი სწორედ მისი მიმართვით იხსნება.

ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს ქუთაისში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს.

KIU სტუდენტებს შესთავაზებს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე – კვლევის შესაძლებლობებს. უნივერსიტეტის ამოცანაა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-სა და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.