ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განმსჭვალულნი - ბრალდებული მღვდლის ადვოკატი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებული მამა დავით აქიაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყინწვისში მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა.

მისი თქმით, არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს მამა დავითის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

„შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია. მიგვაჩნია, რომ ის ინფორმაცია, რომელიც არის გავრცელებული, თითქოს ერთმა მამაომ მეორე მამაოს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა და ცეცხლი გაუხსნა არ შეესაბამება სინამდვილეს. ფაქტობრივად, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი ამ ყოველივეს იჯერებს.

არც ერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება მამა დავითის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. არანაირი გარემოებით არ დასტურდება, რომ მამა დავითს კონფლიქტი ჰქონოდა სასულიერო პირებთან, მითუმეტეს, მამა საბასთან”, – განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, თავად მამა საბას ჩვენებაც მოწმობს, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა.

„მამა საბა აცხადებს, რომ არანაირი დაპირისპირება მამა დავითთან არ ჰქონია და შესაბამისად ვერც ექნებოდა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განმსჭვალულნი”, – განაცხადა მამა დავითის ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა მამა დავით აქიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27  აპრილს დააკავეს.

მღვდელმსახურის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო დღეს, 29 აპრილს იმსჯელებს.