„ისინი მე მომკლავენ“ – ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები აშშ-ის ქალაქების ცაზე

პუბლიკა

მინეაპოლისში პოლიციელის მიერ დაკავებისას დაღუპული, ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები მომიტინგეებისთვის ძლიერი ლოზუნგი გახდა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

დალასში მოღვაწე არტისტმა, ჯემი ჰოლმსმა ჯორჯ ფლოიდის ბოლო სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების ხუთი ძირითადი ქალაქის თავზე დაწერა.

თვითმფრინავებზე ჩამოკიდებული დიდი ზომის ბანერები წარწერებით – „გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ“ და „ისინი მე მომკლავენ დეტროიტისა და ნიუ-იორკის ცაზე გამოიფინა, ხოლო ლოს-ანჯელესში, მაიამსა და დალასში ცაზე არტისტმა დაწერა – „მუცელი მტკივა“, „კისერი მტკივა“ და „ყველაფერი მტკივა“.


შემთხვევა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, 25 მაისის საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციელის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.