ისრაელის პოლიციამ რელიგიურ ფესტივალში მონაწილეობის გამო 320 მოქალაქე დააკავა

ებრაული კოცონის ფესტივალზე ისრაელის პოლიციას 320 მოქალაქის დაკავება მოუხდა, რომლებიც კორონავირუსის ინფექციის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდნენ.

მორწმუნეებმა მეორე საუკუნეში მცხოვრები ბრძენკაცის, შიმონ ბარ იოხაის საფლავზე შეღწევა სცადეს. პოლიციის განცხადებით, ფესტივალის დროს, რომელიც ჩვეულებრივ კოცონის გარშემო ღამისთევის ლოცვების, ცეკვებისა და სიმღერების თანხლებით იმართება, ათობით ახალგაზრდამ წმიდა საფლავზე შეღწევა სცადა.

სამართალდამცველთა წინააღმდეგობას ასობით ადამიანი ძალადობრივად დაუპირისპირდა, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მრავალი გავლენიანი რაბინი ღიად უჭერს მხარს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, ულტრაორთოდოქსთა ზოგიერთი ჯგუფი კანონს არ ემორჩილება და რელიგიური რიტუალების აღსრულებას კანონსაწინააღმდეგოდ ცდილობს.