ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს – კახა კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და „ფონდი ქართუ“ იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართუს“ დახმარებით ამ ტერიტორიაზე გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება. კალაძის თქმით, პრეზენტაცია მომდევნო დღეებში გაიმართება.

„ბიძინა ივანიშვილი და „ფონდი ქართუ“ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება.  თვითონ პროექტს რაც შეეხება, პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია. თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები. ჩვენ ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია. მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტად როდის დაიწყება მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა და ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს  იპოდრომის ტერიტორიის დედაქალაქის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას.

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდმა „ქართუმ“ 25 წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის საქველმოქმედო პროექტი განახორციელა საქართველოში, ყველა მიმართულებით.

„რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, ის საჩუქრად გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს და რაც მთავარია, ფონდი „ქართუ“ იღებს ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ამ ტერიტორიაზე ახალი, მულტიფუნქციური რეკრეაციული ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი“,  – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.