„იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა" | მელიას საქმე სტრასბურგში

პუბლიკა

„იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა”, – იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეებს. სამინისტროს განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ნიკანორ მელიასა და გიგი უგულავას საჩივრებზე. სამინისტროს ცნობით, ამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა.

მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეში ევროპული სასამართლოს მხრიდან მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევასთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნული მუხლი საქმეში მაშინ იხილება, როცა ხელისუფლება მართლმსაჯულებას არალეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვების ფორმულირებაში ტიმოშენკო და ნავალნის საქმეების ხსენება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ კითხვა დაუსვა საქართველოს ხელისუფლებას მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის საკითხი იმ საქმეებში იხილება, როცა ხელისუფლება არალეგიტიმური მიზნებისთვის იყენებს მართლმსაჯულებას, ანუ პოლიტიკური პატიმრობის და პოლიტიკური დევნის საქმეებში.

რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ ბუნებრივია, გავაგრძელებთ ნიკა მელიას ინტერესების დაცვას და შესაბამისად, შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ნიკა მელია იდევნებოდა პოლიტიკური მოტივაციით და მისი დაპატიმრება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალების მცდელობაა”, – ამბობს საძაგლიშვილი.

იუსტიციის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში ყურადღებას ზემოთ აღნიშნულ სამ საქმეზე ერთდროულად ამახვილებს და წერს, რომ:

„საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს – სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ –  სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.