ჯაჭვლიანი წულუკიანს განცხადებით მიმართავს: რას ითხოვს ფედერაცია სამინისტროსგან

პუბლიკა

სოსო ჯაჭვლიანმა დღეს კულტურის სამინისტროში განცხადება შეიტანა, სადაც ის კულტურის სამინისტროსგან ქართული მკლავჭიდისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების გადახდას ითხოვს.

მკლავჭიდის ფედერაციის ინტერესებს იურიდიული კომპანია „კოჟორიძე და იურისტები“ იცავს.

მკლავჭიდის ფედერაციის მტკიცებით, სახელმწიფომ ფედერაციას მისცა დაპირება, რომ  საქართველოში პარამკლავჭიდის 41-ე ჩემპიონატს დააფინანსდება, თუმცა ფინანსური ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ჩემპიონატი ვერ გაიმართა და საქართველოს ფედერაციას დაეკისრა სპორტული და ფინანსური სანქციები:

საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირებული იქნა მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციისა და მისი წევრების მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიებიდან – 4 წლის განმავლობაში, 2025 წლის 5 სექტემბრამდე. ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატი უნდა გაეხსნა ცნობილ და საკულტო მსახიობს, სილვესტერ სტალონეს.

რა მოხდა?

განცხადების მიხედვით, რომელიც ფედერაციამ დღეს სამინისტროში შეიტანა 2019 წელს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციასთან ხელშეკრულება გააფორმა და შეისყიდა პარამკლავჭიდის 41-ე ჩემპიონატის ჩატარების უფლება.

კონტრაქტის ღირებულება 1 200 000 აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის პირველი ნაწილის გადახდა, 390 000 აშშ დოლარის ოდენობით, უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 15 აგვისტოს. მეორე ნაწილისა კი, არაუგვიანეს 2020 წლის 31 იანვარს.

სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ეროვნულმა ფედერაციამაც შეძლო მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პირველი ნაწილის შესრულება. მეორე ნაწილის ფარგლებში გადასახდელი თანხის შესრულებაზე კი ფედერაციას წერილი გაუგზავნა, რომ ჩემპიონატის ხარჯების დაფინანსებისთვის ბიუჯეტის კანონში ცვლილებები შევიდა და „800 000 ლარი დამატებულია და განსაზღვრულია აღნიშნული ღონისძიების დაფინანსების უზრუნველსაყოფად“.

ფედერაცია ამბობს, რომ ამ წერილის მიღების შემდეგ დაიწყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ჩემპიონატის ჩატარების ადგილის შემოწმების მიზნით, დააფინანსა მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი და შეუკვეთა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი 11 ერთეული მკლავჭიდის მაგიდა და 9 ერთეული ამწევი პლატფორმა.

„მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის მიერ ამ ფინანსური ვალდებულებების აღება განპირობებული იყო იმით, რომ სამინისტროსგან დაპირებისამებრ, ელოდა ჩემპიონატის ორგანიზების დაფინანსებას – 800 000 ლარის ოდენობით. ეროვნულ ფედერაციას არ გააჩნდა არანაირი ფინანსური რესურსი, იმისათვის, რომ აეღო მსგავსი ტიპის ვალდებულებები, რომ არა სამინისტროს თანხმობა ჩემპიონატის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. ზემოთ აღნიშნული ვალდებულებები ფედერაციას დღესაც შესასრულებელი აქვს, ვინაიდან სამინისტროსგან შესაბამისი დაფინანსება არ მიუღია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

2021 წლის 10 აგვისტოს N 00019214 წერილით, დაგეგმილ ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე სამინისტრომ ეროვნულ ფედერაციას აცნობა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ ჩათვალა საქართველოში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება.

მკლავჭიდის ფედერაციის მტკიცებით, სტაბილური კოვიდსიტუაციისა და ეროვნული ფედერაციის მხრიდან ჩემპიონატის ჩასატარებლად გაწეული უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, სამინისტრომ დაარღვია ვალდებულება და 2021 წელს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასა და მის დაფინანსებაზე.

რას ითხოვენ სამინისტროსგან?

სამინისტროსგან ვითხოვთ:

1. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის – 800 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდას;

2. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციისთვის დაკისრებული 20 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდას – შეკვეთილი და დამზადებული სპორტული აღჭურვილობის საფასურის სახით;

3. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციისთვის დაკისრებული 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდას – მსოფლიო ფედერაციის წევრების მიერ საქართველოში მკლავჭიდის ჩემპიონატზე დასასწრებად გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად;

4. საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის მიერ მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის 41-ე მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, ჯამში, 68 460 ლარის ოდენობით, საიდანაც, 65 120 ლარი არის შეკვეთილი მედლების საფასური (880 ერთეული), 3 340 ლარი კი, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისთვის გაწეული ხარჯები (თვითმფრინავის ბილეთის საფასური – 1 814 და 876 ლარი; ავტომობილის იჯარა – 650 ლარი).