ჯაფარიძე: მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას ცვლილებებისთვის

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე მსჯელობენ. ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტასაც უმრავლესობა გეგმავს, ბადრი ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა პარტია „ლელოს“ მიზნებზე და მოტივაციაზე, ჩართულიყო საპარლამენტო ცხოვრებაში.

მან ჩამოთვალა და გაიხსენა საპარლამენტო საქმიანობის დროს ინიციირებული კანონპროექტები. ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის. სიტყვით გამოსვლის ბოლოს მან გაიხსენა 90-იან წლებში მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება და პარალელი გაავლო იმ პერიოდის მოვლენებთან.

„ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება სახელმწიფო გადატრიალება გამოყენებული, არამედ გამოყენებული იქნება პულტები.

თუმცა ეს ჩემთვის შინაარსობრივად არაფერს ცვლის. ჩემი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი და მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას ცვლილებებისთვის, რომელიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს. ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა იწვევს სრულ ნიჰილიზმს და ჭაობში ჩაძირვა არ უნდა ჩავუშვათ. ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ოცნება“ არ შევწყვეტ ბრძოლას ცვლილებებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების შეწყვეტას. ბადრი ჯაფარიძე პირველი ინსტანციის სასამართლომ თაღლითობის მუხლით მსჯავრდადებულად ცნო, თუმცა ხანდაზმულობის გამო საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხის გათვალისწინებით, რეგლამენტზე დაყრდნობით, ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.