ჯანდაცვის კომიტეტი ბუპრენორფინის ოდენობის ახლებურად განსაზღვრაზე მუშაობს

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ოდენობებთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება მოხდა, რომელიც მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შეიმუშავა კომიტეტმა. ის უახლოეს ხანში პარლამენტის ბიუროს წარედგინება. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას კომიტეტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, პროექტით ოდენობები ასეა განსაზღვრული – მცირე ოდენობა – 0.005 გრამი, დიდი – 0.05 გრამი, განსაკუთრებით დიდი – 5 გრამი. მისი და კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოდენობები განხილვის დროს შესაძლოა, ისევ დაკორექტირდეს.

მოქალაქე მონიკა სუბელიანი-მანუშაროვას წინადადება

საკანონმდებლო წინადადების ავტორი წერილში აღნიშნავს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 8 ნივთიერების (ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი, მდმა, მეტადონი, მეთკათინონი, მეთამფეტამინი, ჰეროინი) ოდენობა და მოითხოვს, რომ ამ 8 ახლად განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებს, დაემატოს ბუპრენორფინიც და განისაზღვროს მისი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

„თითქმის ყველაზე მძიმე, მავნე და საფრთხილო ნარკოტიკული საშუალებების – ჰეროინის (1 გრამი) და კოკაინის (6 გრამი) განსაკუთრებით დიდი ოდენობა თუ ამხელაა, რატომ არაა ბუპრენორფინის ოდენობა ახლად განსაზვრული და უფრო მკაცრადაა დასჯადი, ვიდრე ასეთი მძიმე ნარკოტიკები, რომლებსაც ამდენი უკუჩვენება აქვთ და ამხელა საფრთხეს წარმოადგენენ. რატომაა მეთადონის ოდენობა განსაზღვრული და მასზე ნაკლებად მავნე, მკურნალობის მიზნით გამოყენებული ბუპრენორფინის ოდენობა არა?! არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს ყველაფერი და ვერცერთი ადამიანი ახნას ვერ მონახავს”, – წერს ის.

მისივე თქმით, უსამართლობა იქნება, თუ დიდი ოდენობა 0.5 გრ და განსაკუთრებით დიდი ოდენობა 1 გრამი მაინც არ იქნება.

„გვაქვს თქვენი სამართლიანობისა და ჰუმანურობის იმედი. წარმოვადგენთ ჯგუფს, სადაც გაწევრიანებული ვართ პატიმრების ოჯახები, სადაც ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრი მსჯავრდებულების აზრს, მუხლებს, პრობლემებს და ა.შ.

ირკვევა, რომ ვინც ნარკოტიკზე იხდის სასჯელს, ნახევარზე მეტი ბუპრენორფინზეა. ზოგს 0.2 გრამი აქვს, ზოგს 0.5 გრამი, ზოგსაც 1 გრამი და აქვთ 500 გრამიც და 1 კილოც, და ისჯებიან ერთი და იგივე მუხლით. 

თუ თქვენ გაღელვებთ ადამიანთა ყოფა, ჯანმრთელობა და ადამიანი მთლიანობაში, ეს შეცდომა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ”, – წერს მოქალაქე.

კომიტეტის პოზიცია

საკითხის საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაგზავნილი იქნა ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში, დარგის სპეციალისტებთან.

როგორც კომიტეტის დასკვნაში ვკითხულობთ, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით, ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების განსაზღვრა ხდება სამთავრობო უწყებების, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით და მჭიდრო თანამშრომლობით, ნივთიერების თერაპიული ეფექტის, ერთჯერადი და დღიური დოზების, ორგანიზმში შეყვანის გზების, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად მინიმალური ოდენობის, ასევე, ორგანიზმზე ზემოქმედების სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის განსაზღვრული „ბუპრენორფინის“ დოზებიც და ამ დრომდე მათი გაზრდის/გადახედვის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა”.

„დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკითხი ბუპრენორფინის ფლობის სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე, შეიძლება დაკმაყოფილდეს ბუპრენორფინის ოდენობების შესაბამისი განსაზღვრის შემოღებით და მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად განისაზღვროს გონივრულ ზღვრამდე საყოველთაოდ მიღებული წესებით”, – ასევე ვკითხულობთ კომიტეტის დასკვნაში.

კომიტეტის წევრთა, დარგის ექსპერტთა და აღნიშნული უწყებების მოსაზრებიდან გამომდინარე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბუპრენორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების დადგენისას არ უნდა მოხდეს მისი მოხმარების და ნარკორეალიზაციის წახალისება, ასევე გასათვალისწინებელია ნივთიერების მოხმარებისას ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.


საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ბუპრენორფინის ოდენობები ასე განისაზღვრება: მცირე – 0.0012 გრამი, დიდი – 0.012 გრამი, განსაკუთრებით დიდი – 0.12 გრამი;

ნარკოტიკული საშუალებების არასამართლიანად განსაზღვრული ოდენობები მომხმარებელთა მიმართ უსამართლოდ მაღალი სასჯელის დანიშვნის მთავარი წყაროა და შესაბამისად, ეს საკითხი ნარკოპოლიტიკის არშემდგარი რეფორმის მთავარი ქვაკუთხედი იყო.

რეფორმის ჩავარდნის შემდეგ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლების ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივები დარგის სპეციალისტების მიერ ფრაგმენტულ და პოპულისტურ ნაბიჯად შეფასდა.