ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება.

ბაიდენი შეხვედება ისრაელის პრეზიდენტსაც. ასევე, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს. თელ ავივშია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.

აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტი გამოხატავს მის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის მიმართ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 1400-ზე მეტი ებრაელი და ათობით ამერიკელი ემსხვერპლა. თავის მხრივ, ღაზის სექტორში დაღუპულია 3000-ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენი, „როგორც მეგობარი, ნეთანიაჰუს რთულ კითხვებს დაუსვამს იმის შესახებ, თუ საით მიდის ვითარება”.

კირბისვე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს, ხაზი გაუსვას, რომ არ სურს კონფლიქტის გაფართოება. ის ასევე მიზნად ისახავს ღაზაში ჰუმანიტარული ვითარებისა და მძევლების საკითხის განხილვას.

ბაიდენი გეგმავდა, პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც შეხვედროდა. თუმცა, ის აბასმა ალ აჰილის ჰოსპიტალში 17 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ გააუქმა.

ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ღაზის სექტორში, საავადმყოფოში, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა, აფეთქება მოხდა. დაიღუპა ასეულობით ადამიანი. პალესტინამ და ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულეს. თუმცა, ისრაელის მტკიცებით, აფეთქება კიდევ ერთი ტერორისტული ჯგუფის, „ისლამური ჯიჰადის” მიერ არასწორად გასრორილმა რაკეტამ გამოიწვია.