ჯორჯ ფლოიდის საქმეში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო სხდომა ორშაბათს გაიმართება

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის საქმეზე დაკავებული დერეკ შოვინის პირველი სასამართლო სხდომა ორშაბათს გაიმართება. მინეაპოლისის თეთრკანიან პოლიციელს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში, მესამე ხარისხის მკვლელობასა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედება.

სწორედ შოვინის მიერ დაპატიმრების შემდეგ გარდაიცვალა ამერიკის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილსაც აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ყვირის დაკავების პროცესში ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, დერეკ შოვინი კი მას 9 წუთის განმავლობაში კეფაზე მუხლით აწვება.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ შოვინი ჯერ გაათავისუფლეს, 4 დღის შემდეგ კი მესამე ხარისხის მკვლელობისა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დააკავეს. საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ მინესოტას შტატის პროკურორმა შოვინს ბრალი დაუმძიმა.

ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს მინესოტას შტატის პროკურორის მოადგილე მეთიუ ფრენკი წარმოადგენს.