კაცი, რომელიც მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

პუბლიკა

კაცი,  რომელსაც გორში, მამამ დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკის ექიმმა განაცხადა.

,,მამაკაცი კლინიკაში შემოყვანილი იყო 30 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებით. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები, მკურნალობას განაგრძობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა, რჩებოდა კრიტიკული, არასტაბილური და დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. რაც შეეხება დაზიანებებს, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა თავის არეში, გულმკერდისა და მუცლის არეში, კიდურებზე, დაზიანებული იყო მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანო, შესაბამისად, დაზიანებების ხარისხი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი“, – განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა ინგა ელბაქიძემ.

30 იანვარს 47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.