კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

პუბლიკა

86 მომხრე, 6 წინააღმდეგი – კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კენჭისყრის დაწყებამდე „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ იცნობს კახა კუჭავას და თავს შეიკავებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისგან. კუჭავას მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართულმა ოცნებამ“, „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“.

სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა და კუჭავამ პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სპიკერის პოსტი 24 აპრილს დატოვა.

თალაკვაძის განცხადებით, მართებული იქნება, თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სპიკერის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.