„კამპანია როცა ოფიციალურად გამოცხადდება და დაიწყება, ადმინისტრაციულ რესურსებზე მერე ვილაპარაკოთ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე „სამართლიანი არჩევნების” ანგარიშს, სადაც საუბარია იმ პროექტებზე რომლებიც, თვითმმართველობის არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად დაანონსდა და განხორციელდა.
„ჩემთვის მართლა მოულოდნელია ეს განწყობა და ასეთი ტიპის განცხადება. ვთქვათ, დავინტერესდით ამ შეფასებით, ამ კრიტიკის საპასუხოდ რას ელოდება „სამართლიანი არჩევნები“, რომ მთელი პოლიტიკური ისთებლიშმენტი, ყველა ვინც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დღეს ვართ თანამდებობებზე, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვისაც გვევალება, რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებასა და ქვეყანას სჭირდება, ახლა გავიდეთ ცალკე ოთახში, ჩავიკეტოთ და სანამ არჩევნები არ დამთავრდება, პროექტებს ჩვენ საერთოდ აღარ შევეხოთ? გავაჩეროთ ყველაფერი და არჩევნები რომ დამთავრდება, მერე განვაახლოთ ქვეყნის განვითარება?
მეორე – სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ვერ მოხდება თუ საარჩევნო კამპანია არ არის დაწყებული, საარჩევნო კამპანიის დაწყებას აქვს თავისი კანონიერი საფუძვლები და არჩევნების თარიღიც და პერიოდიც არის კანონით განსაზღვრული. შესაბამისად, ახლა მითხარით, მაგალითად, ივნისში რატომ ითვლება საქმისა და პროექტების კეთება რესურსის გამოყენებად და ვთქვათ თებერვალში რომ რაღაც საქმეებს აკეთებდა ხელისუფლება, ის რატომ არ ითვლება? იმიტომ, რომ თებერვალშიც არ იყო და დღესაც არ არის კამპანია დაწყებული. კამპანია როცა ოფიციალურად გამოცხადდება და დაიწყება, ადმინისტრაციულ რესურსებზე მერე ვილაპარაკოთ”, – ამბობს თალაკვაძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – „500-მილიონიანი პროექტი დაანონსდა, რეგიონების განვითარების. შეკითხვა ჩნდება, რატომ ივნისში და არა მაგალითად მარტში?”, თალაკვაძე ამბობს:
„7 თვის განმავლობაში, ოპოზიციის ძირითადი, რადიკალური ნაწილი დაკავებული იყო დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით. ამას ჰქონდა შეფერხებული ყველა სხვა პროცესი, და სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის მთელი ყურადღება იყო გადართული ამ საბოტაჟის წინააღმდეგ. მერე შეიცვალა პრემიერი და ახალმა პრემიერმა თავის სამუშაოს პირველივე პერიოდში დაანონსა ახალი პროგრამა. და ახლა „სამართლიანი არჩევნები” გამოდის და რას გვეუბნება, ჯერ კამპანია არ დაწყებულა, მაგრამ ეს მაინც არ არის კარგი და არჩევნები რომ დასრულდება, მერე გააგრძელეთ ქვეყნის განვითარებაო?!”, – ამბობს თალაკვაძე.
ჟურნალისტის რეპლიკას – აქ ელფერზე იყო საუბარი – რომ ეს დაკრავს იმ ღონისძიებებს, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იმართება და რომ ეს არის ამომრჩევლის გულის მოსაგებად, თალაკვაძე პასუხობს:
„ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი თუ იმის 100 ელფერი – კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში და არის სამართლებრივი ჩარჩო ამ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, როდის იწყება კამპანია, როდის ტარდება არჩევნები…”, – განაცხადა თალაკვაძემ.