კაპიტანი ჭელიძე ამბობს, რომ პოლიციას პროტესტის ნიშნად ტოვებს – რას ამბობს შსს

პუბლიკა

დღეს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინტერვიუ პოლიციის კაპიტან გოგი ჭელიძესთან. სადაც ის ჰყვება, რომ 23 ნოემბერს მან პოლიციის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა.

ის ამბობს, რომ მას არ შეეძლო ხალხის დარბევაში მონაწილეობის მიღება და ამ აზრზე სხვა პოლიციელებიც იყვნენ.

კაპიტანი ჰყვება, რომ 20 ივნისი დარბევაში მონაწილე პოლიციელებმა პრემიები მიიღეს: „მაინტერესებს, ადამიანმა ვინც მაკოს ესროლა, იმ ფულით შვილს რა მიუტანა?“

ჭელიძე სისტემაში შექმნილ პირობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს პირობები „თავად პოლიციელებისთვისვე  ამაზრზენი და საზიზღარია“. ქუთაისის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ საპატრულო პოლიციას ჯარიმების გეგმების შესრულებას სთხოვენ, რომ ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტი ჯარიმებით ბიუჯეტის შევსებაა და არა მოქალაქეების დახმარება.

პუბლიკა შინაგან საქმეთა სამნისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ჭელიძემ სამაახური კი არ დატოვა, არამედ ის 25 ნოემბერს თავად გაათავისუფლეს:

„იმერეთის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების (ხევის) პატრულ-ინსპექტორი გრიგოლ ჭელიძე, სისტემატურად აცდენდა სამსახურს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა არც ერთხელ წარმოუდგენია“.

შსს-ში ამბობენ, რომ „გრიგოლ ჭელიძე საპატრულო პოლიციაში 2011 წლიდან მუშაობდა, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სხვადასხვა ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული დისციპლინარული სასჯელი – საყვედურისა და სასტიკი საყვედურის სახით. გრიგოლ ჭელიძემ ერთ-ერთი მორიგეობის დროს, ხელმძღვანელის გაფრთხილების გარეშე მიატოვა სამუშაო ადგილი და საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ უშუალო უფროსს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ბოლო საყვედური გრიგოლ ჭელიძემ 2019 წლის 18 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დირექტორისგან მიიღო. მან ხელმძღვანელობა შეცდომაში შეიყვანა, რომ დაკარგული ჰქონდა სამსახურებრივი მოწმობა. 25 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლდა”.

LB loan image desktop LB loan image mobile