ხაზარაძე: პირდაპირ გეუბნებით, ბრძოლის გარეშე მე არ მინდა კალაძეს გადავაბარო თბილისი

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განმარტავს მათი პარტიის პოზიციას. TV პირველის ეთერში მან ისაუბრა, რომ ემხრობა „ბრძოლის გარეშე” არ დათმონ არაფერი, თუმცა მისი თქმით, ამ საკითხზე უნდა გაიხსნას მსჯელობა.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ გაერთიანებაში, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგში, ემოციების გარეშე, კარგად აწონ-დაწონაში და ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, იქნება ეს ბოიკოტი… მე არ ვარ აქ მოსული, რომ ვიღაც გადავარწმუნო, მე მინდა, მსჯელობა გაიხსნას.. ჩვენს პარტიაში, ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში, და ეს არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაანგრიოს რაღაცა. მე მჯერა, რომ სერიოზული მსჯელობის, ეს იქნება პოლიტპატიმრების მშობლებთან, რომლებთანაც მომავალ კვირას გვაქვს შეხვედრა… ჩვენ შევხვდებით არა მარტო პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ შევხვდებით ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი რატომ ჯობია ბოიკოტი საერთო ბრძოლის მოსაგებად, ან რატომ ჯობია სხვა ტაქტიკა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

კითხვაზე, დღეს ვის უფრო აწყობს არჩევნებზე ოპოზიციის გასვლა, ხაზარაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოსგან მიიღებს „ლეგიტიმაციას”, რადგან ის არჩევნებს გაყალბების გარეშე ჩაატარებს.

„ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. როგორც კი ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ე.წ. ბოიკოტს და ჩვენს ჯარს – ეს არის პოლიტიკური ბრძოლა – აქტივს, ვეტყვით, რომ არ შევდივართ ამ ბრძოლაში, ჩაატარებენ სანიმუშო არჩევნებს, კალანდარიშვილსაც მოხსნიან და დანიშნავენ ბუნჩულა ადამიანს… ანუ, გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი გაქრნენ, იმიტომ, რომ წაიღეს წასაღები..

თუ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, ანუ ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი ძალებით, არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს, რომლებიც მოგებული გვაქვს აგერ 6 თვის წინ, შესაბამისად, ჩვენ გვექნება ეს სურათი, რომ ლეგიტიმაციას აიღებს ბიძინა ივანიშვილი, მთელი მსოფლიოს თვალში, ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის, ნახეთ როგორი არჩევნები ჩავატარე… არც გააყალბებს… ეყოლება ოპოზიცია? რა თქმა უნდა, ეყოლება, როგორც მე დღეს კომისიაზე დამიბარა ცრუ ოპოზიციით შექმნილმა საპარლამენტო კომისია, თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ შეიცვალა ცხოვრება, აგერ არის ოპოზიცია, არანაირი გაყალბება არ იქნება და ერთ წელიწადში მივიღებთ ორ მოცემულობას, ერთი: არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ჩვენ გავაპროტესტეთ და ამხელა ბრძოლის, შრომის, თავგანწირვის შედეგად ვაღიარეთ არალეგიტიმურად ა მეორე, ჩატარებული არჩევნები, რომელშიც არ არის გაყალბება”.

მისივე თქმით, ეს არჩევნები ოპოზიციამ „დიდ ეროვნულ რეფერენდუმად” უნდა აქციოს:

„პირდაპირ გეუბნებით, ბრძოლის გარეშე მე არ მინდა კალაძეს გადავაბარო ქალაქ თბილისი, მე არ მინდა, ეს კორუფცია გაგრძელდეს. მაგრამ ეს არ არის საკრებულოების არჩევა, ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები ჩვენ უნდა გადავაქციოთ დიდ ეროვნულ რეფერენდუმად, ჩვენ უნდა ვიაროთ ხელი-ხელ ჩაკიდებული”.

მანამდე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებები მოჰყვა. 

კუპრაძემ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ თბილისის „წართმევა და გათავისუფლება“ შესაძლებელია.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან სანიკიძემ. მისი თქმით, ისინი დგანან „საპროტესტო ელექტორატის და ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე“, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას.

სანიკიძის აზრით, „ლელოს“ პოზიციის შეცვლა მოუწევს.

რაც შეეხება „ფედერალისტებს“, ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა ლიკა გახარია, რომლის თქმითაც, ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას, დამოკიდებულია გარემოებებზე და ხალხზე.

„კოალიცია ცლვლებისთვის“ პოზიციაა, რომ ოპოზიცია აქტიურ ბოიკოტში უნდა იყოს. 31 მაისს ნიკა ფარულავამ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ ბოიკოტის მიზანი ოფისებში დარჩენა არ უნდა იყოს, არამედ, უნდა შემუშავდეს საერთო გეგმა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ არჩევნებზე აქტივობა იყოს ძალიან დაბალი.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გასულ კვირას პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.

„გირჩს“ გაცხადებული პოზიციაა, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეკა ონიანმა თქვა, რომ ადგილობრივი წარმომადგენლების შერჩევის პროცესში არიან და მზად არიან პარტიის რიგებში მიიღონ „პატიოსანი, კეთილსინდისიერი და კარგი რეპუტაციის“ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება აქამდე არჩევნებში მონაწილეობაზე არ უფიქრიათ, მაგრამ სიამოვნებით წარმოადგენენ ხალხს საკრებულოებში.

საკითხთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანი” ამბობს, რომ არ აპირებენ „დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას“. მათი პოზიციით დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელი და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვების არა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.