ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ.

უწყების ცნობით, გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.ბ.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის – თ.შ.-სთვის, თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა“, — წერს უწყება განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.