კიბერშეტევის საკითხი ჩვენი დღის წესრიგის მთავარ ნაწილად რჩება – ჰარცელი

ვასკა მათითაიშვილი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის მხრიდან  განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.

„კიბერდანაშაულის დამარცხება ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფუნდამენტია. ევროპის საბჭოს პროექტის მსვლელობისას დღეს 25-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება თბილისში გამოწვევებისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, ბუდაპეშტის კონვენციის ფარგლებში“, – წერია ჰარცელის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე განაცხადა. აღნიშნულის მიხედვით, კიბერშეტევა დაგეგმა და განახორციელა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას უცხო ქვეყნების ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ – მათ კიბერშეტევის კუთხით რუსეთის ქმედებები დაგმეს და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია, პოლონეთი, დანია, ჩეხეთი, ნორვეგია, ლიეტუვა და სხვანი.