კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ - ზალკალიანი ბლინკენთან სატელეფონო საუბარზე

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო – ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს.

„ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას ნატოს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორები აფასებენ, იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, – აცხადებს ზალკალიანი.