კინო ბერლინის კედლებსა და ფასადებზე

დავით ბუხრიკიძე

იმის გამო, რომ მთელ ევროპაში და მათ შორის, გერმანიაშიც, კორონავირუსის გამო ყველა კინოთეატრი დაკეტილია, ბერლინში კინოს მხარდასაჭერად ახალი პროექტი – Window Flicks წამოიწყეს. ამ პროექტის მიხედვით, ქალაქში მცხოვრებთ ფილმების ნახვა „დიდ ეკრაზე“, უფრო ზუსტად, კედლებსა და შენობის ფასადებზე შეუძლიათ. ეს ფანჯრებიდან, აივნებიდან თუ შიდა ეზოებიდან შეიძლება, რაც არქიტექტურული დაგეგმარების საშუალებით არის შესაძლებელი.

შენობების კედლებზე ფილმების ჩვენების იდეა ერთ-ერთ არტსახელოსნოს ეკუთვნის, რომლის კრეატიულმა იდეამ მალევე ჰპოვა მხარდაჭერა ქალაქის ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტში.

„ჩვენ გვინდოდა, ადამიანები სახლში დარჩენილიყვნენ, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი პროექტორების დახმარებით კინო და, ზოგადად, ხელოვნება მათთან მიგვეტანა, ვინც იზოლაციაშია. შიდა ეზოები თუ აივნები ამისათვის კარგი დამხმარე საშუალება აღმოჩდა. ამავე დროს, პროექტი Window Flicks ხელს შეუწყობს დედაქალაქის პატარა კინოთეატრების დახმარებას და შემოწირულობის შეგროვებას  ტოტალური კრიზისის ჟამს“.

იდეას ბერლინის სხვადასხვა უბნებში აქტიური მხარდამჭერები გამოუჩნდნენ და, შესაბამისად, ფილმებს შენობების ფასადებსა და კედლებზე უკვე უჩვენებენ.