„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე, რომლებიც 2024 წლის დეკემბრიდან არ ქვეყნდება. კობახიძე ამბობს, რომ დეკლარაციები „სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს“.
„მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. რა ვიცი, მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს. მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს“, – თქვა კობახიძემ.
თებერვალში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა ტექნიკური ხარვეზის გამოა შეზღუდული. რატომ ვერ მოგვარდა „ტექნიკური ხარვეზი“, უცნობია.
2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს ავტორიზაციის ფუნქცია დაემატა, თუმცა ავტორიზაცია ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შესაძლებლობას არ იძლევა. დაინტერესებულ პირებს პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა აღარ აქვთ.