კობახიძე: კასიანოვს უკრაინელების ევაკუაცია მაშინ დასჭირდებოდა, თუ უკრაინაში ბუკებს გავგზავნიდით

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მოზღვავებასთან საქართველოში.

„ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ, ერთი იყო მარტში, მეორე ზაფხულში და მესამე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, კასიანოვის განცხადებაც არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დაჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ ბუკებს გავაგზავნიდით უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასობრივი ნაკადის შემოსვლის შედეგად – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივად საევაკუაციოდ“, – განაცხადა კასიანოვმა.